(032) 2 22 05 05

დაცვის სისხლის-სამართლებრივი მექანიზმები

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის რეპროდუცირება ან მათი ასლების უნებართვო შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება, გადაცემა, ან/და საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების სხვა ხელყოფა, ჩადენილი დიდი ოდენობით (5000 ლარზე მეტი) შემოსავლის მიღების მიზნით ისჯება ჯარიმით (მინიმუმ 500 ლარი; სასამართლო ჯარიმის ოდენობას ადგენს საქმის გარემოებების და მსჯავრდებულის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით) ან თავისუფლების შეზღუდვით (პირის მოთავსება სპეციალიზირებულ დაწესებულებაში ზედამხედველობის ქვეშ) ვადით 2 წლამდე.

 

იგივე ქმედება ჩადენილი (ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით (10 000 ლარზე მეტი) შემოსავლის მიღების მიზნით; (ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

 

აღნიშნული დანაშაული განეკუთვნება იმ დანაშაულთა რიგს, რომელთათვისაც გათვალისწინებულია იურიდიული პირის პასუხისმგებლობა და ამ ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

 

"სისხლის სამართლის კოდექსი", მუხლი 189

 

აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანო - დევნის დაწყების გადაწყვეტილებას იღებენ პროკურატურის ორგანოები, თუმცა შესაბამისი უფლების მფლობელს შეუძლია გაგზავნოს დანაშაულის შეტყობინება და მოითხოვოს დევნის დაწყება.